ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობას ეხმაურება და იმ სამედიცინო რისკებზე ლაპარაკობს, რომელიც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას ახლავს.
ასოციაციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, სააკაშვილს ანამნეზში აღენიშნება სისხლმბადი სისტემის თანდაყოლილი დაავადება - თალასემია (საშუალო სიმძიმის) და ღვიძლის თანდაყოლილი პათოლოგია - ჟილბერის სინდრომი (Gilbert’s syndrome)
ექიმთა ასოციაცია აცხადებს, რომ სამედიცინო რისკების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგის გათვალისწინება:
"1. შიმშილობით გამოწვეული მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა და გულ-სისხლძრღვთა სისტემის დისფუნქცია, გლუკოზის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, ვიტამინი B1 დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური ცვლილებები და სხვა.
2. სტრესით გამოწვეული საშუალო სიმძიმის თალასემიის გადაზრდა თალასემიის მძიმე ფორმაში, რაც სპეციალიზირებულ ჰემატოლოგიურ მართვას საჭიროებს.
3. ჟილბერის სინდრომის გამწვავების შედეგად გამოწვეული ჰიპერბილირუბინემია და მასთან დაკავშირებული ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა)
ეს არის იმ შესაძლო მულტიორგანული გართულებების მოკლე ჩამონათვალი, რაც შეიძლება განუვითარდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
მულტიორგანულ გართულებებს კი მულტირპოფილური მართვა ესაჭიროება. მართვის პროცესში აუცილებელია კარდიოლოგების, ნევროპათოლოგების, ჰეპატოლოგების, ენდოკრინოლოგების, ჰემატოლოგების, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტების, რეანემატოლოგების ჩართულობა და შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობა.
საქართველოში რამდენიმე მრავალპროფილური საავადმყოფოა, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით და სადაც შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევა), ინვაზიური რადიოლოგიური ჩარევები და ფართო სპექტრის ლაბორატორიული გამოკვლევები". - აცხადებს ექიმების ასოციაცია.
მათივე ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წელს პენიტენციური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილია 585 პატიმარი, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცენდენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს.
"ხაზს ვუსვმათ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს; სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება". - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის მმართველი საბჭო:
- სოფიო ბერიძე
- რევაზ ბოჭორიშვილი
- მაია ბუწაშვილი
- ზურაბ გურული
- ნინო ისაკაძე
- გიორგი კავკასიძე
- ვახტანგ კალოიანი
- გიორგი კამკამიძე
- ბიძინა კულუმბეკოვი
- არჩილ მარშანია
- მამუკა მაჩაიძე
- დავით მრელაშვილი
- ანი ქავთარაძე
- ვლადიმერ ჩაჩანიძე
- გრიგოლ ხურციძე
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 27 დღეა, საკვები არ მიუღია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს.
დღეს სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე.